აფხაზური ლიტერატურა

მკვლევართა ერთი ნაწილი აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ისტორიის დასაწყისად 1912 წელს მიიჩნევს, როცა თბილისში აფხაზურ ენაზე გამოიცა დიმიტრი გულიას პირველი 38-გვერდიანი პოეტური კრებული “ლექსები და შაირები” (ეს თვალსაზრისი ასახულია საცნობარო ლიტერატურაშიც), მაგრამ რეალურად ამ კრებულში შესული ლექსებიდან ერთ ნაწილს დაწერის თარიღად 1906, 1907, 1909, 1910 და 1911  წლები აქვს მითითებული, რაც საფუძველს იძლევა საიმისოდ, რათა აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის თარიღად 1906 წელი დადგინდეს, ხოლო აფხაზური ლიტერატურის საძირკვლის ჩამყრელად დიმიტრი გულია (1874-1960 წწ.) იქნეს მიჩნეული.

წერილობით წყაროებში არ ჩანს რაიმე ცნობა იმის შესახებ, რომ 1906 წლამდე რომელიმე აფხაზ ავტორს საკუთარ დედაენაზე შეექმნას მხატვრული ტექსტი, თუმცა ცნობილია, რომ პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი ყოფილა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ თერგდალეულთა თანამოაზრე გიორგი შარვაშიძე (1846-1918 წწ.), რომელიც უპირატესად წერდა ქართულად (შექმნილი აქვს რამდენიმე რუსულენოვანი თხზულებაც).

დიმიტრი გულიას შემოქმედების დასაწყისში მის ლექსებს აშკარად ემჩნევა, ერთი მხრივ, აფხაზური ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და, მეორე მხრივ, მოწინავე ქართული და რუსული ლიტერატურის გავლენა. მომდევნო პერიოდშიც ხშირად მიმართავდა პოეტი ამ წყაროებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად. მაგალითად, მის ლექსებსა და პოემებში ასახულია აფხაზური ხალხური პოეზიისათვის დამახასიათებელი მოტივები: ქალ-ვაჟის სახუმარო გაშაირება; ზოგი ადამიანის ნაკლის მხილება; გამრჯე კაცის ქება-დიდება; მეურმის სიმღერა გაჭირვებული ყოფის შესახებ; უშიშარი გმირის სადიდებელი; თქმულება ხალხური ეპოსის გმირის აბრსკილის შესახებ; ლეგენდა გველის, მერცხლისა და ხოჭოს შესახებ; ლეგენდა დათვის, ცხენისა და თხის შესახებ და ა.შ. ასევე ხშირად იყენებდა პოეტი თემებსა და მოტივებს როგორც ქართული ზეპირსიტყვიერებიდან (“ყაყაჩოსა სიწითლითა”, “მიყვარს ფაცხა მე მეგრული”, “ომში წასვლა მას უხარის”, “ჩიტო, ჩიტო, ჩიორა”…), ისე ქართველ მწერალთა (ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, მ. გურიელის, ს. შანშიაშვილის, ი. დავითაშვილის…)  ლექსებიდან და რუსული პოეზიიდან (მ. კოლცოვის, ვ. ჟუკოვსკის და სხვათა შემოქმედებიდან). მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოეტის ორიგინალურ პოეტურ ქმნილებებს, რომლებიც გამოირჩევა თემათა მრავალფეროვნებით (აფხაზი კაცის იდეალური სახის შექმნა, აფხაზეთის განუმეორებელი მშვენების ქება, ცხოვრების ფილოსოფიური ჭვრეტა, საბავშვო-აღმზრდელობითი თემატიკა, სატრფიალო მოტივები, აფხაზთა მუჰაჯირობის სიმწარის გადმოცემა, ზრუნვა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობათა გაღრმავებისათვის, ქართული კულტურის, განსაკუთრებით შოთა რუსთაველის პოემის გათავისება  და ა.შ.). სამწუხაროდ, 1921 წლიდან, როცა საქართველოში დამყარდა საბჭოთა რეჟიმი, მწერალი იძულებული იყო, დამორჩილებოდა ზეწოლას და ეწერა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიერ შემოთავაზებულ თემებზე: ხოტბა შეესხა ლენინისათვის, კომუნისტური პარტიისათვის, საბჭოური ცხოვრების წესისათვის.

დ. გულია ნაყოფიერად მუშაობდა პროზაშიც. იგი ავტორია პირველი აფხაზური ნოველისა “უცხო ცის ქვეშ” (1919 წ.) და პირველი აფხაზური რომანისაკამაჭიჭი (1940 წ.), აგრეთვე ხალხური ზეპირსიტყვიერების საფუძველზე შექმნილი “მცირე მოთხრობებისა”, რომელიც გამსჭვალულია ხალხური სიბრძნითა და თბილი იუმორით.

აფხაზური ლიტერატურა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე (1921 წლამდე). 1906-1920 წლებში აფხაზური მხატვრული ლიტერატურა პირველ ნაბიჯებს დგამდა და სამწერლობო ასპარეზზე 2-3 ავტორი მოღვაწეობდა. მათგან, დ. გულიას გარდა, აღსანიშნავია აფხაზი განმანათლებლისა და აფხაზური საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი მესაძირკვლის ანდრეი ჭოჭუას (1879-1965 წწ.) საქმიანობა. მის კალამს ეკუთვნის სასკოლო სახელმძღვანელოები: “აფხაზური ანბანი” (პირველად გამოიცა 1909 წ.), რომელიც მცირეოდენი ცვლილებებით დღემდე ისწავლება აფხაზურ სკოლებში; “აფხაზური ენა. ანბანის შემდგომ სასწავლი წიგნი” (1922 წ.); “აფხაზური ენა. მეორე კლასის მოსწავლეთათვის” (1920 წ.); “აფხაზური ენა. მესამე კლასის მოსწავლეთათვის” (1920 წ.). ეს წიგნები  შედგენილია იაკობ გოგებაშვილის “დედაენისა” და “Русское слово»-ს პედაგოგიურ პრინციპებზე. მათში შესულია აფხაზური ზეპირსიტყვიერების ადაპტირებული ნიმუშები, ბიბლიური სიუჟეტები, პირადად ავტორის მიერ შექმნილი ორიგინალური მოთხრობები, აგრეთვე რუს და ქართველ მწერალთა (ლ. ტოლსტოის, კ. უშინსკის, ი. ტურგენევის, ი. გოგებაშვილის…) საბავშვო თხზულებათა თარგმანები.

აფხაზური საყმაწვილო ლიტერატურის ერთ-ერთი მესაძირკვლე იყო ანტონ ჩუკბარიც (1885-1937 წწ.), რომელმაც 1908 წელს თბილისში გამოსცა სახელმძღვანელო “აფხაზური ენა აფხაზთა სკოლებისათვის”, ხოლო 1910 წელს _ ს. ალფიოროვთან ერთად შედგენილი “მახლობელი ცხოვრება (დაწყებითი სკოლების მაღალი კლასებისათვის)”. ამ ორ წიგნში შეტანილია აფხაზური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, პირადად ა. ჩუკბარის ორიგინალური საბავშვო თხზულებები და რუსულიდან თარგმნილი მოთხრობები და ი. კრილოვის იგავები.

ა. ჭოჭუასა და ა. ჩუკბარის სახელმძღვანელოები მოზარდებს უნერგავდნენ სწავლის სიყვარულს, სიკეთისა და სამართლიანობის გრძნობებს, პატრიოტიზმს, ბუნების სიყვარულს, მხატვრულ აზროვნებას.

აფხაზური მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა 1919 წელს დ. გულიას მიერ სოხუმის საოსტატო (პედაგოგიურ) სემინარიაში დაარსებულმა აფხაზურმა სალიტერატურო წრემ, რომელიც გამოსცემდა ხელნაწერ ჟურნალს “შარფიეწვა”-ს (“ცისკრის ვარსკვლავი”). წრის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და ჟურნალში თავიანთ პირველ ნაწარმოებებს აქვეყნებდნენ სემინარიის მოსწავლეები, მომავალი აფხაზი მწერლები: ივა კოღონია, მუშნი აჰაშბა, ზაზ (ვლადიმერ) დარსალია, მიხა ლაკრბა, შამილ ხოკერბა და სხვანი. წრის წევრები ხშირად გადიოდნენ აფხაზურ სოფლებში და დგამდნენ რუსულიდან და ქართულიდან თარგმნილ პიესებსაც. ამავე პერიოდში თავის პირველ მხატვრულ ნაწარმოებებს ქმნიდა სამსონ ჭანბაც.

აფხაზური მწერლობის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი 1919 წელს დ. გულიას მიერვე დაარსებულმა პირველმა აფხაზურენოვანმა გაზეთმააფსნი”-მაც (აფსნი “აფხაზეთი”), რომლის ფურცლებზე ქვეყნდებოდა დ. გულიას, ს. ჭანბასა და დამწყებ აფხაზ მწერალთა ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები, თარგმანები.

აფხაზური ლიტერატურა 1921-1940 წლებში. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩაბმამდე (1941 წლის 22 ივნისი) განვლილ პერიოდში ლიტერატურულ საქმიანობას განაგრძობდნენ დ. გულია, ა. ჭოჭუა, ა. ჩუკბარი, ხოლო აფხაზურ მხატვრულ ლიტერატურას შეემატა მწერალთა ახალი თაობა, რომლის დიდი ნაწილი დ. გულიას აღზრდილი იყო. ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ხელისუფლება ხელს უწყობდა აფხაზური მხატვრული ლიტერატურის განვითარებას, რაც შემდეგში გამოიხატა:

1928 წელს დაარსდა საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის აფხაზეთის განყოფილება (სექცია), რომელმაც გაზეთ “აფსნი ყაფშ”-ის (“წითელი აფხაზეთი”) რედაქციასთან ერთად იმავე 1928 წელს დაიწყო ყოველთვიური პოეტური კრებულის “ეწვაჯაა”-ს (“ხომლი”) გამოცემა (სულ გამოვიდა 5 ნომერი). 1931 წელს სექცია გარდაიქმნა აფხაზეთის პროლეტარულ მწერალთა ასოციაციად.

1925 წელს აკადემიკოს ნიკო მარის ინიციატივით დაარსდა აფხაზური ენისა და ლიტერატურის აკადემია. მისი პირველი თავმჯდომარე იყო ა. ჭოჭუა, რომელიც 1927 წელს დ. გულიამ შეცვალა. 1930 წელს აკადემია გაუქმდა, რისი მთავარი მიზეზიც პროფესიონალური სამეცნიერო კადრების უყოლობა იყო.

1931 წელს აკადემიის ნაცვლად დაარსდა აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი (ამჟამად ჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტუტი).

1933 წელს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა მწერალთა კავშირი.

1932-1939 წლებში გამოდიოდა აფხაზურენოვანი სალიტერატურო ჟურნალი “აფსნი ყაფშ” (“წითელი აფხაზეთი”), მას 1939-1941 წლებში “ასახიარკირატვ ჟურნალ” (“ლიტერატურული ჟურნალი”) ერქვა.

1932-1935 წლებში აფხაზურ, ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე გამოდიოდა გაზეთი “აფხაზეთის საბჭოთა მწერალი”.

1931-1940 წლებში აფხაზური მხატვრული ლიტერატურა გაძლიერდა მწერალთა ახალი თაობის ასპარეზზე გამოსვლით. ამ პერიოდში აქტიურად ქმნიან თავიანთ თხზულებებს დ. გულია, ა. ჭოჭუა, ს. ჭანბა, ივა კოღონია, ზაზ (ვლადიმერ) დარსალია, მუშნი აჰაშბა, ვლადიმერ აგრბა, ივანე პაპასქირი, ოთარ დემირჯ-იფა, იაქუფ ჭანბა, სიმონ ბჟანია, სტეფანე ქუჩბერია, ვლადიმერ მარღანია (მაანი), მიხეილ გოჩუა… 30-იანი წლების ბოლოს პირველ ნაბიჯებს დგამდნენ ლევარსა კვიწინია, შალვა წვიჯბა, ლეონტი ლაბახუა, ქიააზიმ აგუმაა, ბაგრატ შინქუბა, ალექსი ჯონუა, ჭიჭიკო ჯონუა და სხვანი.

ამ პერიოდში მოღვაწე მწერალთაგან განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა პოეტი ივა კოღონია (1904-1928 წწ.), რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მანზილზე მოასწრო სერიოზული კვალის დატოვება აფხაზურ მხატვრულ ლიტერატურაში. მისი ლექსები და პოემები გამოირჩევა მხატვრული ოსტატობითა და ლირიზმის სიღრმით, სამყაროს აღქმის თავისებურებითა და თემატიკური მრავალფეროვნებით. სხვათა შორის, მის კალამს ეკუთვნის რუსული ცარიზმის საწინააღმდეგო პოემა “სვანი მურზაყანი”, რომელიც მიეძღვნა მურზაყან (კონსტანტინე) დადეშქელიანს, ვინც 1857 წელს მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ა. გაგარინი.

მართალია, ამ პერიოდის აფხაზური ლიტერატურა ჯერ კიდევ ახლადშექმნილი იყო, მაგრამ მაინც ხასიათდებოდა ორიგინალობით, თავისთავადობით, სათქმელის მრავალფეროვნებით. მიმდინარეობდა ახალ-ახალი ფორმების ძიება, იხვეწებიდა ოსტატობა, ჩნდებოდა ახალი ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო მოტივები, ვითარდებოდა პოეზია, პროზა და დრამატურგია. მაგრამ ამ დადებით მომენტებს ჩრდილს აყენებდა საბჭოური იდეოლოგიის მძლავრი ზეგავლენა და კონტროლი. აფხაზი მწერლები, საბჭოთა კავშირში მოღვაწე ყველა სხვა ეროვნების მწერალთა მსგავსად, იძულებულნი იყვნენ, ეწერათ ე.წ. სოციალისტური რეალიზმისათვის მისაღებ საკითხებზე: ელანძღათ კაპიტალისტური წყობა, ხოტბა შეესხათ სოციალისტური ცხოვრების წესისა და მორალისათვის, განედიდებინათ კომუნისტური პარტია, გაეღმერთებინათ ლენინი, სტალინი, ბერია, ნესტორ ლაკობა და სხვ.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში აფხაზურ ენაზე უფრო ინტენსიურად ითარგმნებოდა ქართული, რუსული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. თარგმნილ თხზულებათა შორის მაღალი ხარისხით განსაკუთრებით გამოირჩევა აკ. წერეთლის პოემა “გამზრდელი” და შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რომლებიც ბრწყინვალედ თარგმნა დ. გულიამ (“გამზრდელის” აფხაზური თარგმანი ბოლო დრომდე შეტანილი იყო აფხაზური სკოლის პროგრამაში).

აფხაზური ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1941-1945 წწ.). მეორე მსოფლიო ომმა აფხაზურ ლიტერატურაში მანამდე უკვე ჩამოყალიბებულ თემებს ახალი იდეოლოგიზებული თემა, ანტიფაშიზმი დაუმატა. პრაქტიკულად ყველა აფხაზი მწერალი წერდა ანტიფაშისტურ ნაწარმოებებს (ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, პიესებს) და განამტკიცებდა საბჭოურ იდეოლოგიას. მათი დიდი ნაწილი იარაღით ხელში უშუალოდაც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში (ომის ქარ-ცეცხლს გადაურჩნენ და ფრონტიდან შინ დაბრუნდნენ მწერლები ქიააზიმ აგუმაა, ალექსი ჯონუა, მიხა ლაკრბა, კიწა აჩბა, სანდრო სანგულია, შალვა სანგულია, ხოლო იმედისმომცემი ნიჭიერი მწერელები ლევარსა კვიწინია, სტეფანე ქუჩბერია, მიხეილ გოჩუა, ვლადიმერ ჭიჭერია, ვლადიმერ ქაპბა, რაუფბეი ჯოპუა, პეტრე ანუა, სერგეი წაბრია, კამუგ ხურცილავა, შალვა თორია ბრძოლის ველზე დაიღუპნენ).

ამ პერიოდში კვლავ ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ მწერლები: დ. გულია, ს. ჭანბა, ი. პაპასქირი, მ. აჰაშბა, ზაზ (ვლადიმერ) დარსალია და სხვ., ახალგაზრდა მწერლებიდან განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ პოეტები ბაგრატ შინქუბა და ივანე თარბა, რომელთაც სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრეს ყურადღება.

ომის შემდგომი პერიოდის აფხაზური ლიტერატურა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აფხაზური ლიტერატურა კიდევ უფრო განვითარდა. წინა თაობების მწერლებს გვერდით ამოუდგნენ  ნიჭიერი ახალგაზრდები: ალექსი ლასურია, კუმფ (კონსტანტინე) ლომია, კირშალ ჩაჩხალია, შვარახ ფაჩალია… შემდგომ ეტაპზე მათ შეემატნენ ალექსი გოგუა, ჯუმა აჰუბა, ვლადიმერ ანქვაბი, პირველი აფხაზი მწერალი ქალი ნელი თარბა, გიორგი გუბლია, მუშნი ლასურია, ნიკოლოზ კვიწინია, შალოდია აჯინჯალი, პლატონ ბებია, მუშნი მიქაია, ტაიფ აჯბა, შოთა ჭკადუა, ალექსი ჯენია, ნიკოლოზ ჰაშიგი, შალვა აყუსბა, დაურ ზანთარია და მრ. სხვ. მათ შემოიტანეს ახალი მსოფლაღქმა, დაამკვიდრეს ახლებური ხერხები. XX საუკუნის 50-80-იან წლებში საგანგებო რეზონანსი ჰქონდათ შემდეგ ნაწარმოებებს: დ. გულიას პიესა “აჩრდილებს”, ი. პაპასქირის რომანს “ქალის ღირსებას”, ბ. შინქუბას ლირიკას, მის პოემებსა და განსაკუთრებით უბიხი ხალხის ტრაგიკული ბედის ამსახველ რომანს “უკანასკნელი უბიხი“, შ. ფაჩალიას პიესა “გუნდას”, ა. გოგუას მოთხრობებსა და რომანებს, ჯ. აჰუბას მოთხრობებს. ამავე პერიოდში მუშნი ლასურიამ აფხაზურ ენაზე ხელახლა ბრწყინვალედ თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რისთვისაც მას სრულიად დამსახურებულად მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია. ითარგმნა აგრეთვე ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნიმუში იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამებიდან” მოკიდებული XX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებების ჩათვლით.

ქართულ ენაზე თარგმნილია აფხაზ მწერალთა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ყველა ლექსი, პოემა, მოთხრობა, რომანი, ნოველა და იუმორესკა. ამ მხრივ განსაკუთრებით ღირებულია 1957 წელს ქართულ ენაზე გამოცემული “აფხაზური პოეზიის ანთოლოგია” და 1978 წელს დაბეჭდილი “აფხაზური ლიტერატურა. ქრესტომათია”, აგრეთვე 1975 წელს გამოცემული “აფხაზური ლიტერატურა (მოკლე ნარკვევი)”.

აფხაზური ლიტერატურის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1955 წელს ყოველთვიურ სალიტერატურო ჟურნალ “ალაშარას” (“სინათლე”) და 1957 წელს საბავშვო ჟურნალ “ამცაბზის” (“ალი”) დაარსებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა თაობის აფხაზ მწერალთა ერთი ნაწილი ფარულადაც და აშკარადაც ნერგავდა სეპარატისტულ იდეებს, მაგრამ ამას საბჭოთა ხელისუფლება არ ეწინააღმდეგებოდა.

Реклама
Запись опубликована в рубрике აფხაზური ლიტერატურა. Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s